„მონტესორი უნივერსში“ ერთი დღე თვითშემეცნებასა და ემოციების კვლევას დაეთმო.
პროცესი სარკეში საკუთარ თავზე დაკვირვებით დაიწყო. ბავშვებმა არა მხოლოდ თავიანთი გარეგნობა, არამედ ის გამორჩეული დეტალებიც შეისწავლეს, რომლებიც თითოეულ მათგანს განსაკუთრებულს ხდის. ამას მრავალფეროვანი განცდების სხვადასხვა მიმიკით გამოხატვის მხიარული მცდელობები მოჰყვა. სახის ნაკვთებით ხომ უამრავი რამის ჩვენება შეიძლება გარე სამყაროსთვის!
აქტივობის მეორე ნაწილი ემოციების ბარათებზე მუშაობას დაეთმო: მოსწავლეებმა სხვადასხვა ემოცია განასახიერეს, კვლავ დააკვირდნენ სახეებს სარკეში და თითოეული ემოციისთვის დამახასიათებელი ნიშნების ამოცნობა ისწავლეს. შედეგად, მათ პრაქტიკულად დაინახეს, როგორ იცვლება სახის გამომეტყველება სიხარულის, გაოცების, სევდისა თუ გაბრაზების დროს.
ამ პრაქტიკის საშუალებით ბავშვები არა მხოლოდ საკუთარი თავის გაცნობასა და ემოციების გაცნობიერებას სწავლობენ, არამედ სხვა ადამიანების გრძნობების ამოცნობის უნარსაც ივითარებენ, რაც, სამომავლოდ, ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბების საფუძველია.