„ბავშვი კაცობრიობის იმედი და დაპირებაა“.
მარია მონტესორის ფილოსოფია განათლების რევოლუციური ხედვაა, რომელიც ბავშვის დამოუკიდებლობაზე, საზღვრებით დარეგულირებულ თავისუფლებასა და მოსწავლის ბუნებრივ ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ, სოციალურ განვითარებაზეა დაფუძნებული. ის ემყარება რწმენას, რომ ბავშვი ბუნებრივად ცნობისმოყვარე და სწავლას მოწყურებულია, შესაბამისად, უკეთ ვითარდება ახალ-ახალი აღმოჩენების ხელშემწყობ, მისი ინდივიდუალური ზრდის წამახალისებელ გარემოში.
მონტესორის სჯეროდა, რომ ნებისმიერი სწავლების საფუძველი პატივისცემაა. მოზარდები მრავალმხრივი უნარებით დაჯილდოებული პიროვნებები არიან. ისინი ღირსეულ დამოკიდებულებასა და არჩევანის თავისუფლებას იმსახურებენ.
„დამეხმარე, რომ თავად შევძლო“. – ეს მარია მონტესორის სწავლების ფილოსოფიის მთავარი პრინციპია.
ბავშვებს, განსაკუთრებით დაბადებიდან 6 წლის ასაკამდე, არაჩვეულებრივი უნარი აქვთ, ცოდნა გარემომცველი სამყაროდან, თავიანთ გამოცდილებაზე დაყრდნობით მიიღონ. შინაგანი „მშრომელი“ ძალა მათ ერთგვარი თვითშემეცნებისკენ უბიძგებს. ისინი ენას, კულტურას თუ სხვადასხვა უნარს ფორმალური სწავლების გარეშე, ღრუბელივით ისრუტავენ. სწორედ ამიტომ, მონტესორის მეთოდი მათ აძლევს შესაძლებლობას, თავად აირჩიონ სასურველი საქმიანობა, თავად იმოქმედონ და ისწავლონ საკუთარი შეცდომებიდან.
მონტესორის მეთოდის არსი არა ბავშვის ინფორმაციით გაჯერება, არამედ მისი შინაგანი პოტენციალის გამოღვიძება და სწავლისადმი ინტერესის, სიყვარულის გაღვივებაა.
„განათლება ბუნებრივი პროცესია, რომელსაც ბავშვი არა სიტყვების მოსმენით, არამედ გარემოში დამოუკიდებლად მიღებული გამოცდილებით ეზიარება“. – მარია მონტესორი.