„მონტესორი უნივერსს“ „მეგალაბ ქიდსი“ ესტუმრა და ბაღის მოსწავლეებს სახალისო სწავლება „პოზიტიური ადაპტაციის ერთი საათი“ ჩაუტარა.
სამედიცინო დაწესებულებებმა ბავშვებში შეიძლება შიში და შფოთვა გამოიწვიოს. იმისთვის, რომ ლაბორატორიულ პროცედურებთან პირველი შეხვედრა პატარებისთვის დადებით გამოცდილებად იქცეს, „მეგალაბ ქიდსმა“ უნიკალური მიდგომა შეიმუშავა. ამ ინოვაციური მომსახურების უპირველესი მიზანი არა სამედიცინო პროცედურების ჩატარება, არამედ ბავშვებისთვის ლაბორატორიულ გარემოში მხიარული და კომფორტული ატმოსფეროს შექმნაა. ამ აქტივობის დროს მცირდება შფოთვა და ყალიბდება ნდობა, რაც, სამომავლოდ, სამედიცინო ვიზიტებს ნაკლებად სტრესულს გახდის. ლაბორატორიის გარემოს შიშის გარეშე გაცნობით პროგრამა ბავშვებს სამედიცინო მომსახურების მიმართ დადებითი ასოციაციების ჩამოყალიბებაში ეხმარება.
ერთსაათიანი საგანმანათლებლო სესიის განმავლობაში „მონტესორი უნივერსის“ მოსწავლეები ხალისით მონაწილეობდნენ სამედიცინო მანიპულაციებში. ბავშვთა ქცევის სპეციალისტებისა და „მეგალაბ ქიდსის“ გუნდის დახმარებით მოზარდები უსაფრთხო გზით ეცნობოდნენ ლაბორატორიულ აღჭურვილობას, პროცესებსა და პროცედურებს; თამაშების, თხრობისა და ინტერაქციული დემონსტრაციების საშუალებით იღებდნენ ინფორმაციას სამედიცინო მომსახურების თავისებურებების შესახებ.
დიდ მადლობას ვუხდით „მეგალაბსა“ და „მეგალაბ ქიდსს“ ამ სახალისო-შემეცნებითი აქტივობისთვის.